საკრებულოს სხდომაზე მერის 5 ახალი მრჩევლის დანიშვნის საკითხი ჩავარდა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე მერის 5 ახალი მრჩევლის დანიშვნის საკითხი ჩავარდა. საკითხს მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა, 12 კი წინააღმდეგი იყო. კვორუმისთვის 26 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ასევე, სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ”რესპუბლიკელმა” ხათუნა სამნიძემ, უარყოფითად შეაფასეს დავით ნარმანიას დღევანდელი განცხადება, რომ მერის გადასაწყვეტია, რამდენი მრჩეველი ეყოლება.
საკითხის განხილვა სხდომაზე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საკითხი მერის წარმომადგენელმა საკრებულოში ავთო ხარატმა წარადგინა. ოპოზიციონერი დეპუტატები ხარატისგან ითხოვდნენ, დაესაბუთებინა, რა მიმართულებისთვის და რატომ სჭირდებოდა მერს 5 ახალი მრჩეველი. საბოლოოდ, ეს საკითხი სხდომაზე ვერ გავიდა.