დავით უსუფაშვილი მალტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი მალტაში დაიწყო. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, დღეს შეხვედრა მალტის პრეზიდენტთან, მარი-ლუიზ კოლეირო პრეკასთან გამართა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების, ტურიზმის, ნაოსნობის და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი, საპასუხო ვიზიტია მალტაში.
“ჩვენ ჩამოვედით, ვინაიდან მალტასთან ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება.მოგეხსენებათ, ეს ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და პატარა მალტას ისეთივე ერთი ხმა აქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, როგორც დიდ წევრებს ევროკავშირის, ამიტომ, ჩვენი პოზიციების გასაძლიერებლად, ყველა მიმართულებით, გვჭირდება ამ ქვეყანასთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმისა და ნაოსნობის სფეროში თანამშრომლობაზეც.
“ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ტურიზმის სფეროში, ნაოსნობის სფეროში, სადაც მალტა პირველ ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნებს შორის და მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში მალტის დროშის ქვეშ მცურავი სანაოსნო საშუალებებით. მოგხსენებათ, ეს ქვეყანა, ისტორიულად, ძალიან წინ არის წასული ამ სფეროში და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ დიდ პროექტებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს და მისი საზღვაო პორტების გამოყენებას, ამ საკითხებში მალტასთან მჭიდრო ურთიერთობა იქნება ძალიან მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ბიზნესისთვის”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საფინანსო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.
“შეხვედრა დავტოვე იმ განცდით, რომ მალტა ძალიან მონდომებულია, მოწადინებულია იმისთვის, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს და გააღრმავოს. ასე რომ, ჩვენ ხმელთაშუა ზღვის არეალში კიდევ ერთ სერიოზულ მეგობარს ვიძენთ ამ ქვეყნის სახით”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღესვე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას მალტის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლუჩიანო ბუსუტილთან და კომიტეტის წევრებთან გამართავს. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში დავით უსუფაშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე შედიან, მალტაში ვიზიტს 21 მაისს დაასრულებს.