აშშ-ის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. აშშ-ის პრეზიდენტი მისალოც წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მტკიცე, აქტიური და სტრატეგიული პარტნიორობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ შარშან მხარი დაუჭირა საქართველოს, როდესაც თქვენს ქვეყენაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველომ მიიღო ნატოს არსებითი პაკეტი. ჩვენ დღესაც მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის.

რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების ფონზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რომელიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ თქვენს მებრძოლებს, რომლებიც მონაწილეობენ მისიებში ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას. გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ნათქვამია ბარაკ ობამას მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები