გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
თბილისს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი, ჰაინც ფიშერი ეწვია. როგორც „კვირას“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდაც აცნობეს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოს და წყლის მართვის ფედერალურ სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, გარემოს დაცვისა და წყლის მართვის ფედერალურმა მინისტრმა ანდრე რუპრეხტერმა მოაწერეს.
მხარეთა თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია შემდეგი სფეროები: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა, მდგრადი სატყეო მეურნეობა, კლიმატის ცვლილება, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და ტექნოლოგიები, ჰაერის ხარისხი, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა, ნარჩენების მდგრადი მართვა, საწარმოო და სახიფათო ნარჩენების ჩათვლით, გარემოს მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება და ანგარიშების წარდგენა, ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვა, ნებისმიერი სხვა სფერო, რომლის თაობაზეც მხარეები მიაღწევენ ურთიერთშეთანხმებას. მემორანდუმი ასევე გარემოს დაცვის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლას ითვალისწინებს. მეცნიერების, ექსპერტების, მარეგულირებლების და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა პირთათვის ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმების და შეხვედრების ორგანიზებას.
მემორანდუმის ფარგლებში ექსპერტების, მეცნიერებისა და დელეგაციების ორმხრივი ვიზიტები გაიმართება. ავსტრიის დელეგაციის შემადგენლობაში, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოს და წყლის მართვის ფედერალური მინისტრი ანდრე რუპრეხტერი შედის. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მხარეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს.