რუსული მედია სააკაშვილის უკრაინიდან შესაძლო წასვლაზე წერს
რუსული გამოცემა „ნოვი რეგიონი“ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „სააკაშვილი უკრაინიდან წასვლას გეგმავს?“ სტატიაში მოყვანილია საქართველოს ექსპრეზიდენტის სიტყვები, რომ უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების გატარების სურვილს ის ვერ ხედავს. მართალია სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რეფორმების გატარებით დაინტერესებულია, მაგრამ თავად უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურა მისი სწრაფად რეფორმირების საშუალებას არ იძლევა. ანუ ქვეყნის პირველი პირის მიმართ პირდაპირი ბრალდება არ ყოფილა, თუმცა სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნელი ტემპით უკვე დიდი ხანია უკმაყოფილოა. ეს კი მისი გუნდის წევრების წასვლაში შეიძლება გამოიხატოს.
„ნოვი რეგიონის“ ინფორმაციით, „პირველი მერცხალი“ უკვე არის – უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ჯაბა ებანოიძემ დატოვა. ებანოიძე ამბობს, რომ მას სისტემის რეფორმირების შესაძლებლობა არ მიეცა. მატულობს უკმაყოფილება ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის და გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის მუშაობასთან დაკავშირებით. საყვარელიძეზე უკრაინულ მედიაში წერენ, რომ „საერთოდ გაუგებარია, რითია დაკავებული ეს ადამიანი“. რაც შეეხება ეკა ზღულაძეს, მას ერგო უწყება, რომლის რეფორმირებაც ალბათ ყველაზე რთული იქნება. ასე რომ, სააკშვილის სიტყვები შეიძლება განხილული იყოს, როგორც თავისებური დამცავი რეაქცია ქართველი ჩინოვნიკების არაეფექტიან მუშაობაში ბრალდების შემთხვევაში. ისინი – ყველანი სააკაშვილის გუნდიდან არიან. ამ ადამიანების მუშაობა კი არა მარტო უკრაინელების, არამედ ქართველების ყურადღების ცენტრშია.
გამოცემა მიუთითებს, რომ საქართველოში მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდება. ამიტომ სააკაშვილისთვის კარების მოჯახუნების და თავის ხალხთან ერთად ხმაურიანი წასვლის დრო ნამდვილად არ არის. მეორე მხრივ, „ნოვი რეგიონის“ ანალიტიკოსთა აზრით, უკეთესია დროზე წასვლა, რომ შემდეგ ქართველი ჩინოვნიკების არაეფექტიანობაზე კი არ იყოს საუბარი, არამედ უკრაინელების უნიათობაზე, რომელთაც რეფორმების გატარება არ ძალუძთ.