ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობა, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ევროკავშირთან ურთიერთობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰაინც ფიშერის შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს პრემიერმა ავსტრიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჰაინც ფიშერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტს, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავრობა მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს. გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრეს, ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც დღეს თბილისში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ავსტრიის პრეზიდენტის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო უწყებათაშორისი მემორანდუმების ხელმოწერა, რომლებიც გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიების მართვისა და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები