ზურაბ ტყემალაძე იმედოვნებს, რომ ზაფხულში, ტურისტების ნაკადით ლარის კურსი დასტაბილურდება
„იბიარდის“ კონფერენციის დასრულებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ „იბიარდი“ საქართველოში ინვესტირებას მომავალშიც გააგრძელებს.
„იბიარდი“ ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორია, რომელმაც საქართველოში დააბანდა 2 600 000 000 დოლარი. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა და ბიზნესმენების დიდი სპექტრი ესწრებოდა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საინვესტიციო პირობებით კიდევ ერთხელ დაინტერესდებიან და კვლავაც მოახდენენ ინვესტირებას საქართველოში“,- აღნიშნა ტყემალაძემ.
რაც შეეხება ლარის კურსს, ტყემალაძე ზაფხულის სეზონს იმედით უყურებს და მიიჩნევს, რომ ტურისტების ზრდა ლარის კურსზე დადებითად აისახება.
„ტურისტული სეზონი ლარის კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს, ტურისტების შემოსვლას უცხოური ვალუტის შემოტანა, კონვერტაცია და ხარჯვა მოჰყვება“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.