“არსებობს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი იმ ბერკეტების გამოყენებას აგვიანებს, რომელიც მის ხელშია”

პარლამენტში ეროვნული ბანკის 2014 წლის მუშაობის ანგარიშს მოისმენენ,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. ტყემელაძის განმარტებით, ამ დროისთვის ანგარიშის დამუშავება ხდება. მისი თქმით, ბანკის საბჭოს მიმართ კითხვები არსებობს, რაც მოსმენისას დაისმება, თუმცა არის კითხვების ნაწილი, რომელიც არ გასაჯაროვდება. დეპუტატის განცხადებით, ბანკის პრეზიდენტის მოსმენას დიდი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, დადგება თუ არა პარლამენტის წინაშე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

„ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის შემოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა და ანგარიშის შეფასება უნდა მოხდეს. ანგარიში 2014 წლის მუშაობას შეეხება. მოსმენა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება, თუმცა ამის ვადები ჩვენ თვის ბოლომდე გვაქვს. არავის ეგონოს, რომ მოსმენას ვაგვიანებთ, არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომელთა ნაწილი შეიძლება საჯაროდ ვერ დავსვათ, არსებობს კითხვები, რაზეც წერილობით უნდა მივიღოთ პასუხი. ეს პროცესი მიმდინარეობს, ანგარიშს გაანალიზება და შეფასება სჭირდება, რის შემდეგაც საკომიტეტო მოსმენა ჩატარდება. იქ არის რეფინანსირების ოდენობა, რომელიც რატომღაც გასული წლის ბოლოს გაიზარდა. გვექნება კითხვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამის გაზრდა. არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც საუბრები წარიმართება. არსებობს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი იმ ბერკეტების გამოყენებას აგვიანებს, რომელიც მის ხელშია და რომელსაც უნდა ახორციელებდეს. ჩვენ მოსმენისას შევაფასებთ, რამდენად ჯეროვნად შეასრულა ეროვნული ბანკის საბჭომ თავისი მოვალეობა“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

რაც შეეხება კომისიის შექმნის საკითხს, ტყემალაძის განცხადებით, თუ განხილვამ და მოსმენამ ვერ უზრუნველყო კითხვებზე პასუხის გაცემა და რაიმე ეჭვი გაჩნდა, ამის შემდეგ კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, დააყენოს თუ არა დროებითი საგამოძიებო კომიტეტის შექმნის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები