უკრაინელი ექსპერტი ლადო კვიტაშვილის და ეკა ზღულაძის გადადგომას აანონსებს
უკრაინელი ექსპერტი ვადიმ კარასევი ვარაუდობს, რომ თანამდებობებს ახლო მომავალში დატოვებენ: უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ეკონომიკის მინისტრი აივარას აბრამავიჩუსი.
„ზღულაძეს პოლიციის რეფორმირებისთვის და პოლიციელების ხელფასებისთვის ფულს არავინ მისცემს. არა მგონია, რომ კვიტაშვილი და აბრამავიჩუსი თანამდებობებზე დიდხანს დარჩნენ“, – განუცხადა კარასევმა უკრაინულ გამოცემა „ვესტის“. „ახლა უკრაინაში წარსულის და აწმყოს ნაგლეჯებია. როდესაც დასავლური განათლების მქონე ადამიანი ამ ქაოსში ხვდება, სისტემა მას უბრალოდ გადააფურთხებს“, – ამბობს ექსპერტი. გამოცემა წერს, რომ „დამოკლეს მახვილი“ ალექსანდრე კვიტაშვილის თავზეც აღიმართა. მისი გადადგომის მოთხოვნით „ოპოზიციურმა ბლოკმა“ უმაღლეს რადას უკვე მიმართა. ისინი მთავარ მიზეზად სამედიცინო პრეპარატების შეძენის ჩაგდებას ასახელებენ. მინისტრის გარემოცვაში კი ამბობენ, რომ „ის რეფორმების მიმართ გულგრილი გახდა“. ამ ყველაფერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფრაზამაც დაუსვა წერტილი.
„უკრინფორმის“ ინფორმაციით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ცვლილებები უკრაინაში შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის შედეგად, რადგანაც ხელისუფლებაში ის პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს“. გასულ კვირას ასევე თანამდებობა დატოვა ჯაბა ებანოიძემ, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურს უნდა ჩადგომოდა სათავეში. თუმცა ეს სამსახური დაშალეს და ებანოიძე თანამდებობის გარეშე დარჩა