“ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გამოხატულებაა, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ” (ფოტოკოლაჟი)
საქართველო გთავაზობთ ინვესტირებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სოფლის მეურნეობა/მეტყევეობა და ტურიზმი, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის მონაწილეებს.
მისი განცხადებით, ავსტრია წარმატებით იყენებს საქართველოს მიერ შეთავაზებულ პირობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
“დღევანდელი ბიზნესფორუმი საქართველოსა და ავსტრიის განსაკუთრებული ურთიერთობების დადასტურებაა. ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გამოხატულებაა, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი – ის არის დამაკავშირებელი ხიდი, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის.
“ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ ბიზნესგარემოს. სასამართლო ხელისუფლების განმტკიცების და დამოუკიდებლობის მიმართულებით არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავრობისგან და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენების, ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებებით,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.