„საქართველოს სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან.

“ჩვენთვის მთავარია სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ვართ პრაგმატული, კონსტრუქციული ხელისუფლება, რომელსაც სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, თუმცა ჩვენი ტერიტორიების 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ინსტენსიურ მუშაობას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე განაცხადა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და სხვადასხვა რეიტინგიც ამაზე მიუთითებს.

“ჩვენ შევძელით და შევქმენით საინტერესო საინვესტიციო გარემო, ბიზნესკლიმატი. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს მსოფლიო ბანკის რეიტინგში მე-15 ადგილი უკავია, რეგიონში – მე-8. ჩვენ ქვეყანას 22-ე ადგილი უკავია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში. წინა წელთან შედარებით, საქართველომ გააუმჯობესა შედეგები 10-დან ექვს კატეგორიაში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის. საჯარო ფინანსების მართვის, გამჭვირვალობის, საინვესტიციო გარემოს თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლების დაცულობის კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ კორუფციის სიმცირის რეიტინგში საქართველოს უკავია მე-11 ადგილი და ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი და სხვა ევროპული ქვეყნები. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემა. ჩვენ გვაქვს სულ 6 სახის გადასახადი. იმპორტირებული საქონლის 85%-ზე გადასახადი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენზე გადასახადი 5-დან 12%-მდეა”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები