მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს პრემიების მიღება შესაძლოა, საკანონმდებლო წესით აეკრძალოთ
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლარის გაუფასურებისა და ქვეყანაში შეჭირვებული მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო თანამდებობის პირების მხრიდან პრემიების მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აღნიშნულის შესახებ მის ინიციატივას დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, თუმცა ის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გაიზიარა, რომელიც, თავის მხრივ, გეგმავს ხუნდაძის ინიციატივა კანონპროექტად აქციოს.
„მე შევთავაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის გათვალისწინებით, მინიმუმ, მიმდინარე წელს პრემიები მათზე აღარ უნდა გაიცეს, უარი ვთქვათ პრემიებზე და თანადგომა გამოვუცხადოთ საკუთარ მოსახლეობას. პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში უარი თქვა პრემიებზე და მას შემდეგ კანონმდებლები პრემიებს აღარ იღებენ. ძალიან მაღალია უკიდურესად შეჭირვებულთა, მათ შორის სოციალურად დაუცველთა ან მხოლოდ პენსიაზე დამოკიდებული მოსახლეობის რაოდენობა. ზაქარია ქუცნაშვილმა გამოთქვა სურვილი, შემოვიდეს საკანონმდებლო ინიციატივით და საკანონმდებლო წესით განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვისზე გავრცელდება აკრძალვა, რომ პრემიები არ აიღონ. პრემიის მიღება დანაშაული არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, საკუთარი მოსახლეობის მდგომარეობაში შევიდეთ“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.