პრემიერი: საქართველოს შეუძლია იყოს უნიკალური მოთამაშე რეგიონში
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა, ჩვენ ვართ მოწოდებულები, რომ გავაგრძელოთ წინსვლა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
პრემიერის განცხადებით, საქართველოში აზიელ და ევროპელ ბიზნესმენებს შეუძლიათ განათავსონ ბიზნესი და საქართველოს შეუძლია იყოს უნიკალური მოთამაშე რეგიონში.
“წელს, პირველ კვარტალში, გვქონდა 3.2%-იანი ზრდა, თუმცა ჩვენი ვალუტა გაუფასურდა ისე, როგორც რეგიონში არსებული ვალუტები. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გავაგრძელოთ წინსვლა. გასულ წელს ისტორიულ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი – ასოცირების ხელშეკრულებას და ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რამაც საქართველოს გაუხსნა გზები ევროპისკენ. დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს გასასვლელი 900-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარზე. ეს არის დსთ-ს ქვეყნები, ეს არის რუსეთი, ეს არის თურქეთი და ახლა უკვე 500-მილიონიანი ევროპის ბაზარი, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას აძლევს.
ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები, რომ ბიზნესი ვაკეთოთ საქართველოში, რომ საქართველო გახდეს ლოგისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციის სფეროებში წარმოების ცენტრი. აქ თავისუფლად შეუძლიათ, განათავსონ ბიზნესი როგორც აზიელ, ისე ევროპელ ბიზნესმენებს და საქართველოს შეუძლია იყოს უნიკალური მოთამაშე რეგიონში”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.