„იმედი მაქვს, მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, როდესაც საქმე ბიზნესს და ბიზნესის განვითარებას შეეხება, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების დროული მიღება აუცილებელია, რათა უფრო სწრაფად იქნას ათვისებული ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია.
“მართალი ბრძანდებით, ჩემს საპარლამენტო გამოსვლაში მე ვისაუბრე ე.წ. საბჭოებზე და კომისიებზე, რომლებიც გარკვეულად გადაწყვეტილების მიღების დინამიკას აფერხებენ. ჩემი პოზიცია მდგომარეობდა და მდგომარეობს შემდგომში – ჩვენ ჩვენს პარნტიორებთან ბევრად უფრო აქტიური და დინამიური ურთიერთობა უნდა გვქონდეს. გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა იყოს მიღებული და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უფლებამოსილებებით აღჭურვილი მინისტრები და მინისტრთა კაბინეტი გვყავდეს. ჩემი საუბარი ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ უფრო აქტიურად და დინამიურად ჩავერთოთ ეკონომიკური განვითარების პროცესში, მით უმეტეს, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ნებისმიერ ინვესტორს ვაძლევთ შესაძლებლობას გავიდეს უზარმაზარ ბაზარზე. გვაქვს ძალიან საინტერესო შესაძლებლობები ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით, გვაქვს ძალიან დაბალი საგადასახაო სისტემა. შესაბამისად, მთელი ეს პოტენციალი უნდა იქნას მაქსიმალურად და დროში სწრაფად გამოყენებული. იმედი მაქვს, ჩემი გამოსვლის შედეგად და კვალდაკვალ საქართველოს მთავრობა უფრო სწრაფ და დინამიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხოლმე, როდესაც ეს ეხება ბიზნესს და როდესაც ეს ეხება ბიზნესის განვითარებას, იმიტომ, რომ უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც გააჩნია ქვეყანას, უფრო სწრაფად უნდა იქნას ათვისებული, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის ირგვლივ ეკონომიკური სირთულეებია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები