„ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პრინციპული ემოცია“

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მთავრობამ, პარლამენტმა და საზოგადოებამ ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია. ამის შესახებ მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან, ჰაინც ფიშერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოკლე დროში და ნათლად ვაჩვენეთ როგორც ევროპულ კოლეგებს, ისე ქართულ საზოგადოებას რა წარმოადგენს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მთავარ მიზანს და ნათლად ვაჩვენეთ, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი ერთმნიშვნელოვნად დომინირებს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, მთავრობასა და პარლამენტში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რიგის სამიტზე ადეკვატუროი პასუხი იქნება გაცემული იმ მონდომების, რაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაციული პროცესების მიმართ აქვს. ავსტრიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გარკვეული სამუშაოს შესრულებას დრო სჭიდება, თუმცა ეს დრო დიდხანს არ გაიწელება.
„ჩვენი თანამშრომლობა ხვეწს და წინ სწევს ქართულ სახელმწიფოს და ეს არის პოზიტივი ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პრინციპული ემოცია. ემოცია, რომელიც დაკავშირებული იყო თანამშრომლობასთან. ასევე, შევძლოთ და არ შევიდეთ იმ პარადიგმაში, რომელიც რუსეთის ფედერაციამ შექმნა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, როდესაც თითქოს დაპირისპირების ფორმით იქნა წარმოდგენილი ევროპასთან თანამშრომლობა და ქვეყნებს ასარჩევეი უნდა ჰქონოდათ რუსეთთან ითანამშრომლებდნენ თუ ევროპასთან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რიგის სამიტზე ემოცია იქნება დომინანტური და “აღმოსავლეთ პარტნიორობის”, ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურიბის განვითარების მიმართულებით ძალიან პრინციპული ნაბიჯები გადაიდგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები