გიორგი მარგველაშვილი: მიუღებელია ის, რომ რუსეთი თავის მეზობლებს იარაღის ენით ელაპარაკებოდეს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციები არამარტო შესანარჩუნებელია, არამედ გასაძლიერებელია პოლიტიკური მესიჯი რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობის ნაწილში. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან, ჰაინც ფიშერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სანქციების შემოღების ერთადერთი მიზანია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეწყდეს ომი. “რეგიონში არასტაბილური ვითარება, რაც აგრეთვე გამოიხატება რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკურ პრობლემებშიც, გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და მთლიანად სტაბილურობაზე რეგიონში. თუმცა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სანქციებზე და იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც ამ სანქციებმა თუნდაც საქართველოსთვის გამოიწვია, უნდა გავიხსენოთ ის, რის გამო იქნა ეს სანქციები შემოღებული. სანქციების შემოღების ერთადერთი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ შეწყდეს უკრაინის ტერიტორიაზე ომი. სანქციების მიზანი მდგომარეობს ყირიმის ოკუპაციის მიუღებლობაში და საერთოდ, რუსეთის მიერ თავის მეზობლებთან აგრესიული ქმედებების, სამხედრო ოპერაციების მიუღებლობაში. შესაბამისად, სანქციები არამარტო შესანარჩუნებელი, არამედ პოლიტიკური მესიჯი რუსეთის მიმართ, ასეთი ტიპის პოლიტიკის მიუღებლობის ნაწილში, გასაძლიერებელიცაა. ჩვენ როდესაც ველაპარაკებით ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, ვამბობთ შემდეგს – რუსეთის მიერ მისი მეზობლების აღქმა, როგორც ქვეყნებისა, სადაც რუსეთს გააჩნია პრივილეგირებული ინტერესები და ამ ინტერესების გატარება ხდება სამხედრო ფორმით, ომების ფორმით, არის არამარტო მიუღებელი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა ან სხვები, არამედ ეს არყევს სტაბილურობას მთელს რეგიონსა და ევროპაში. ჩვენ ველით უფრო მკვეთრ კონსოლიდაციას რუსეთის ასეთი პოლიტიკის მიუღებლობის ირგვლივ. შეუძლებელია ვილაპარაკოთ ევროპის სტაბილურობაზე და მის მომავალზე, თუ არ ვისაუბრებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს და უკრაინის პრობლემატიკაზე. ეს პრობლემატიკა ჯამში უნდა გადაწყდეს იმ პოზიტიური ემოციის, პოზიტიური თანამშრომლობის სულისკვეთებით, რაც საერთოდ გააჩნდა აღმოსავლეთ პარნტიორობას, რომელიც შეიქმნა არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ რეგიონის ქვეყნებისა და მათ შორის, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ეკონომიკურად ძლიერი, სტაბილური მეზობლები აწყობს არამარტო ევროპას, არამედ რუსეთსაც”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, “ბუნებრივია, საქართველო ვერ ხეირობს და პირიქით, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ ამ სანქციების მიზანი ძალიან ნათელია”. “ომი არის აბსოლუტურად მიუღებელი და ომის შეწყვეტის პარალელურად მიუღებელია ის, რომ რუსეთი თავის მეზობლებს იარაღის ენით ელაპარაკებოდეს. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ სანქციები გამოიღებს შედეგს და ამავდროულად ველით იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები კიდევ უფრო კონსოლიდირდებიან დამოუკიდებელი ერების არჩევანის დაცვის ირგვლივ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.