„მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს და გადაუხადოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ფასი უკრაინას, საქართველოს და სხვა ქვეყნებს“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბუდაპეშტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიწვევით, მან პლენარული სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „ეს ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე და მეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ავხსნა, რატომ არის ამ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ასეთი მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შიდა ძვრები, სამოქალაქო ომი, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, სიდუხჭირე და მეზობელი ქვეყნის მხრიდან შემოჭრა გადაიტანა, თუმცა, მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყანამ სახელმწიფოს და დემოკრატიის მშენებლობისკენ ნაბიჯები გადადგა.
„ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ხანგრძლივი და მღელვარე მოგზაურობის ბოლოში გასულები, მაგრამ მზად ვართ, რომ გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დგას ორივე ფეხზე, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფო პარტნიორი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. ეს პროგრესი მეგობრების და მოკავშირეების დახმარების გარეშე ვერ მიიღწევა“, – მიმართა დავით უსუფაშვილმა სხდომის მონაწილეებს. პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გატარებულ რეფორმებზე, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე ორიენტირებული პროექტები არ არის და საქართველოს სურს იყოს უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც იქნება ღია ბაზარი და დაცული იქნება კანონის უზენაესობა. „საქართველოს სვლა ნატოსკენ შეუქცევადია.
ჩვენი ვალდებულება ევროატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურაში უკვე ცხადია. თუნდაც, ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის შეტანილი ყველაზე დიდი წვლილით. საქართველო, შეიძლება, არ იყოს ალიანსის სრული წევრი, მაგრამ იურიდიულად, პოლიტიკურად და ტაქტიკურად, ჩვენ უკვე ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ღირებული და მოსურნე კონტრიბუტორები“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, საქართველო პოლიტიკურად და ტაქტიკურად ისეთივე მომზადებულია ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც ნატოს ამჟამინდელი რამდენიმე სრულფასოვანი წევრი, როდესაც ისინი ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიეს. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროატლანტიკურ თანამეგობრობას არ შეუძლია, არ იყოს ჩართული ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების ფასი უკვე მაღალია, რადგან შავი ზღვა ნატოს რეგიონია. მეორე მხრივ, უსაფრთხოების პოტენციური სარგებელი მაღალია – აბრეშუმის გზა, მაგისტრალები, მილსადენები, რკინიგზა, რომელიც მოსკოვის ყოველგვარი ნებართვის გარეშე დააკავშირებს ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ეს არ მოხდება, ან გადაიდება ჩვენს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე.
ამის საუკეთესო მტკიცებულება რუკაა – ერთი დახედვა რუკაზე საკმარისია, რომ ეს დაინახო“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, ბალტიისპირეთში საჰაერო პატრულირების გაზრდის და შავ ზღვაში საზღვაო ძალების განლაგება, ისევე, როგორც „მზადყოფნის სამოქმედო გეგმა“ და გაძლიერებული სწრაფი რეაგირების ძალები, ქსელური უსაფრთხოებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს განსხვავდება კოლექტიური უსაფრთხოებისგან. „ნება მომეცით, გავიმეორო: ეს რის საქართველოსთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ კრიტიკულია ალიანსისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიერდეს რეგიონში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინაში არსებული კრიზისი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად უნდა გადაწყდეს. „ჩვენ ვართ იმ კრიტიკულ მომენტში და ნათლად უნდა ვაჩვენოთ რუსეთის ფედერაციას, რომ ჰელსინკის დასკვნითი აქტის დარღვევა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად მიმდინარე ფორმალური ანექსია ევროპაში, მიუღებელია. რუსეთის ღია სამხედრო კამპანია სხვა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას. პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, თანმიმდევრული და მუდმივი. მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს და გადაუხადოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ფასი უკრაინას, საქართველოს და სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ უნდა იქნას დაშვებული, რომ 2014 წელი 2008 წლის გაგრძელება იყოს. „ღია კარის“ პოლიტიკა ახლა მოახდენს დემონსტრირებას იმისა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ნატო-ს წევრი ქვეყნების დაჩაგვრას და დავამტკიცეთ, რომ არსებობს წითელი ხაზები.
დადგა დრო, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას, მაგრამ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი ნაბიჯი ამ მიმართულებით და მომავალი სამიტი ვარშავაში ამისთვის შესაფერისი ადგილია. როგორც ყოველთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს – ნატოს წევრი ქვეყნების პასუხისმგებელი პოლიტიკოსების – საქართველოსთვის საპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო მოვიდა. აქედან გამომდინარე, ვარშავის სამიტზე ჩვენ ველოდებით [ნატოს] წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ან იმ დეკლარაციის მიღებას, რომლის მიხედვით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება არ ესაჭიროება“, – მიმართა დავით უსუფაშვილმა სხდომის მონაწილეებს. დღესვე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, ლასლო კოვერთან.
ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი ერთობლივ შეხვედრას გამართავს მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტთან, რანკო კრივოკაპიჩთან, ბოსნიას და ჰერცოგოვინას საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან, სეფიკ ძაფეროვიჩთან და მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტთან,ტრაიკო ველიანოსკისთან.