თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება

თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყეტილება ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სატარიფო განაცხადი, რომლის თანახმადაც, კომპანია თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა.
როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა, ძალაში დარჩა თითქმის იგივე ტარიფი, რომელიც დღეს მოქმედებს, ოდნავ შეიცვალა გადანაწილება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენელის განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან სემეკ-ის გადაწყვეტილებას და საკუთარ მოსაზრებებს კომპანია წერილობით გაავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიმართვის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 15 იანვარს დაიწყო.
რაც შეეხება დღეს თბილისში მოქმედ წყლის ტარიფებს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 1 დეკემბრიდან, სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფები თბილისის მოსახლეობისთვის შეადგენს – უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) თვეში 3.14706 ლარი 1 სულზე; მრიცხველით მოხმარებისას 0.2655 ლარი 1მ3-ზე, აქედან, 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი – 0.22538 ლარი, ხოლო 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 0.04012 ლარი.
კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც წყალი ჯერ კიდევ გრაფიკით მიეწოდება, მომსახურების საფასურს 2,4 ლარის ოდენობით იხდის. რაც შეეხება მომსახურების ტარიფს ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის: სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის შეადგენს 4,4 ლარს 1მ3-ზე, აქედან, 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი – 3,5 ლარი, ხოლო 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 0,9 ლარი.
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ, საპროგნოზო გაანგრიშების საფუძველზე, 2015 წლისთვის მოთხოვნილი იყო წყალმომარაგების შემდეგი ტარიფები, დღგ-ს ჩათვლით – გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 0.313 ლარი 1მ3-ზე; გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 3.70 ლარი 1 სულზე თვეში და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 4.40 ლარი 1მ3-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები