“ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ, დავიცვათ”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის დარღვევები, რაც ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროს დაფიქსირდა, მოქალაქეების ცხოვრებასა და საქართველოს მომავალზე გავლენას მომავალშიც მოახდენს, თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს აუცილებლად დაიცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან გადაცემაში „კვირის 20/30“ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ადამიანის უფლებები შეიცავს ორ მთავარ კომპონენტს. პირველი, ეს არის ის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს და ადამიანებს. მეორე კი – შეუძლიათ თუ არა მოქალაქეებს, შეაფასონ, თუ როგორ იქცევა სახელმწიფო და გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები სახელმწიფოს ქცევასთან დაკავშირებით. ერთი მეორის გარეშე პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არ არის სრულფასოვანი.

ვფიქრობ, წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს ორივე მიმართულებით ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელსაც წერტილი დაესვა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ეს წერტილი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ იმ მომენტში, როდესაც ცვლილება მოხდა, ორივე კომპონენტი სრულფასოვნად აღდგა, მაგრამ ეს გულისხმობს, რომ მაშინ საქართველოს და ჩვენ გაგვიჩნდა შანსი, ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც ორივე მხარე არის შემდგარი.

ვიმსჯელოთ, რა პრობლემები იყო კონკრეტულად პირველი მიმართულებით და როგორ იქცეოდა სახელმწიფო. მაგალითად, საკუთრების უფლება, ჯანდაცვის უფლება და უფლება ჯანმრთელობაზე, იგივე პირადი ცხოვრების უფლება ხელყოფილი იყო. ეს იყო უმძიმესი ტრაგედია, რაც მოხდა. მე ღრმად მჯერა, რომ ეს ტრაგედია არ დამთავრებულა და ეს დარღვევები მომავალში კიდევ გამოიღებს შედეგს ადამიანის ცხოვრებაზე, რადგან მაშინ შეიქმნა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. ეს დააზიანებს საქართველოს მომავალსაც. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ადამიანები, ვინც დაზარალდნენ, მომავალშიც დავიცვათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში იყო ძალიან ბევრი პატიმარი და პატიმრების რაოდენობით ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში. მისივე თქმით, შეზღუდული იყო გამოხატვის თავისუფლების უფლება და ქვეყანას ძალიან ბევრი პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი ჰყავდა. შს მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, სასამართლოში იყო ძალიან ცოტა რაოდენობის გამამართლებელი განაჩენი, ხოლო წელიწადნახევარში ეს მონაცემები დაბალანსდა და გამამართლებელი სასამართლოს შედეგების რიცხვმა იმატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები