ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ აჭარას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო პროექტის – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში, ხვალ 18 მაისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 11:15 საათზე, მთავრობის მეთაური ბათუმში, „სოკარის” ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრება. 12:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბრენდის მაღალი დონის სასტუმრო „ჰილტონს” გახსნის. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებსა და რაიონების გამგებლებთან. 14:00 საათზე კი, მთავრობის მეთაური, ახლად გახსნილ სასტუმრო „ჰილტონში”, საქართველოში მოღვაწე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს წარუდგენს. პროექტის – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” წარდგენა აჭარით სრულდება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთავრობო პროგრამა რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, საწარმოების აღდგენას და რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები