ლევან ვასაძე: ტელეკომპანია “იმედმა” უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგებაში ყველა რეკორდი მოხსნა
დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მიმართავს და ტელეკომპანია “იმედში” არსებული მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდებს. ვასაძე განცხადება კონფერენციის, “დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები” გახსნისას გააკეთა. “მინდა მივმართო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს, მის მეუღლეს ინა გუდავაძეს, მის დას ნანა პატარკაციშვილს, ასევე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონების მმართველ-განმკარგველებს – თქვენი ოჯახის მიერ კონტროლირებადმა ტელევიზია “იმედმა” ამ ბოლო დროს ყველა რეკორდი მოხსნა საქართველოში უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგებაში. ამ საქმეში მან სააკაშვილის “რუსთავი 2”-საც კი აჯობა. ჩვენი საზოგადოების მრავალი წევრი გაოგნებული უცქერს იმ ბაკქანალიას, რომელიც “ტელეიმედის” ეთერში მიმდინარეობს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამით არცხვენთ ბადრი პატარკაციშვილის სახელს, რომ არ ვთქვათ მეტი. იმედი გვაქვს, შეისმენთ ჩვენი საზოგადოების წევრების, მათ შორის ჩემს არაერთ შეგონებას და თქვენს ტელევიზიაში მდგომარეობას გამოასწორებთ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ კონფერენციის გახსნისას.