„დინამო არენაზე“ მოჭრილი ხეების ნაცვლად 60 ძირი კვიპაროსი დაირგო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ტერიტორიაზე 60 ძირი კვიპაროსის ხე დარგეს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამწვანების აქციაში ასევე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მფლობელი რომან ფიფია მონაწილეობდნენ. „უეფას“ სუპერთასის მატჩის მზადების პროცესში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ტერიტორიაზე ტურნიკეტების დასამონტაჟებლად მარტის დასაწყისში საჭირო გახდა 35 ძირი ხის მოჭრა. გამწვანების აქცია სწორედ ამ ხეების ახლით ჩანაცვლებასა და დამატებითი რაოდენობის ხეების დარგვას ისახავდა მიზნად. დავით ნარმანიას თქმით, ხეების ზრდასთან ერთად „დინამოს“ ტერიტორია დამატებით დატვირთვას შეიძენს. თბილისის მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით სტადიონის ტერიტორიას აღარ ექნება მხოლოდ სპორტული დატვირთვა და ის გარშემო მაცხოვრებელთა დასვენების ადგილიც გახდება. სტადიონზე ტურნიკეტები კონტროლის თანამედროვე სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დამონტაჟდა. მათი დამონტაჟების შემდეგ ამოქმედდა ე.წ. ელექტრონული ბილეთები, რომელიც მატჩებზე დასწრებას ბევრად კომფორტულს ხდის და სტადიონის შესასვლელებთან ხალხმრავლობასაც ამცირებს. 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერთასის მატჩი იმართება. აღნიშნული თამაშისთვის „დინამო არენას“ რეკონსტრუქცია 2014 წლის ზამთარში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, რომელსაც „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ აწარმოებს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი უეფას სტანდარტების შესაბამისი იქნება. „დინამო არენას“ რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარით ფინანსდება. ფონდის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლას და სხვა სარემონტო სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები