“პოზიცია“ 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ხვალინდელ ლგბტ პირების აქციასთან, და კონტრაქციასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მართავენ, განცხადებას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხვალინდელი შეკრების მონაწილე ორივე მხარემ აქციის დემოკრატიული ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
„საქართველო ტრადიცების მატარებელი ქვეყანაა და ლგბტ პირების მიერ აქციის გამართვა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის გარკვეულ აღშფოთებას იწვევს, რაც გასაგებია, თუმცა კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია და სახელმწიფომ კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი კუთვნილებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, არიან თანასწორნი კანონის წინაშე და მათ უფლებებს იცავს ქვეყნის კონსტიტუცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც „პოზიციაში” აცხადებენ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია, არ უნდა მოხდეს, რომლის ფუნდამენტური ღირებულება იყო და არის ადამიანი და მისი ღირსება.
ორგანიზაცია “პოზიციის” წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ და არასამთავრობო სექტორმა უნდა შეასრულონ მედიატორის როლი და ხვალინდელ აქციაში მონაწილე მხარეებს შორის არ უნდა დაუშვან კონფლიქტის ესკალაცია. “მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და დაპირისპირება“, – ნათქვამია განცხადებაში.