თბილისში გამართულ აქციაზე ნარმანიას გზების შეკეთებისკენ მოუწოდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე აქცია გამართეს. აქციით, ქალაქის მერს დავით ნარმანიას გზების შეკეთებისკენ მოუწოდეს.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, გზების რეაბილიტაციის ხელისშემშლელი ობიექტური გარემოებები არ არსებობს. მისივე თქმით, თბილისის მთავრობა არაკომპეტენტურია.
„იმის გამო, რომ ზოგჯერ ტენდერის გამოცხადება ავიწყდებათ, საგზაო სამუშაოებს აძლევენ კომპანიას, რომელსაც ამის გამოცდილება არ აქვს. ასევე იმ კომპანიებს, რომლებთანაც პირადი დაინტერესება იკვეთება და ამიტომ თბილისელებს უწევთ ასეთ საშინელ გზებზე გადაადგილება. კიდევ ერთხელ, ამ პატარა აქციით გვინდა ნარმანიას ყურადღება ამ პრობლემისკენ მივაპყროთ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
აღნიშნულ აქციას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც ქალაქში საგზაო სამუშაოები გაჭინაურდა. როგორც მერმა აღნიშნა, საგზაო სამუშაოები მომავალ კვირას დაიწყება.
„მომდევნო კვირას უკვე იწყება 4 მილიონის ღირებულების საგზაო სამუშაოები. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ ტენდერში ორმა კომპანიამ ერთმანეთს უჩივლა და დავის განხილვა მიმდინარეობდა, ამიტომ სამი კვირით დაგვიანდა საგზაო სამუშაოების დაწყება, თუმცა, ახლა ბოლო სტადია და დაკონტაქტდება გამარჯვებული კომპანია და დაიწყებს სამუშაოებს“, – განაცხადა დავით ნამანიამ.