ირაკლი ღარიბაშვილი და ,,სოკარის’’ პრეზიდენტი ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალ ოფისს ბათუმში გახსნიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,სოკარის’’ პრეზიდენტი როვგან აბდულაევი 18 მაისს, 12:00 საათზე,ბათუმში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნიან.
როგორც “კვირას“ “სოკარიდან“ აცნობეს, ოთხსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობაც 2012 წლის ბოლოს დაიწყო 1598 მ2 მიწის ფართობზეა განთავსებული და აღჭურვილია თანამედროვე საოფისე ფართებით, ტექნიკური და შეხვედრების ოთახებით, სასტუმრო ნომრებით და სხვადასხვა დამხმარე დანიშნულების ფართობებით.
ოფისს ასევე გააჩნია აუზი, ფიტნესი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სივრცეები.
“შენობა, რომელიც არქიტექტორმა რაუფ ხიდიროვმა დააპროექტა ნეოკლასიკური სტილიდანაა აღებული და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნა ორ სახელმწიფოს შორის ბიზნესთანამშრომლობისა და ბიზნესის გაფართოების კიდევ ერთი მორიგი ნათელი მაგალითია“, – აცხადებენ “სოკარში“.