საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა თინათინ ხიდაშელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელებაზე და რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.
იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის სახელით საქართველოს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა. ელჩის განცხადებით, ევროკავშირის მხარე მზადაა ქართულ მხარესთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები