საკრებულოს თავმჯდომარე EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე საქართველოს პარლამენტში გამართულ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის 24-ე ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს დაესწრნენ.
როგორც “კვირას“ საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისში, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი ა/წ 14-15 მაისს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე მსოფლიო დონის ბიზნესმენი ესტუმრა.
ფორუმის დისკუსიის თემას წარმოადგენდა – „ინოვაცია მომავლისათვის“. ბიზნესფორუმზე ისაუბრეს, თუ როგორ შეუძლია მთავრობას, კერძო სექტორს და EBRD-ს იმუშაონ ერთობლივად, რათა ქართულმა კომპანიებმა უკეთესად აითვისონ უცხოური ტექნოლოგიები, გააუმჯობესონ მენეჯმენტი, ტექნიკა და ხარისხი. „საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისათვის აუცილებელია საქმიანი გარემოს შექმნა.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს ისეთი საკითხების ხელშეწყობაში როგორიცაა, კერძო ინვესტიციების შემოდინების გაზრდა, საქართველოს რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მიგვაჩნია, რომ ეს გამოცდილება და დღევანდელი სადისკუსიო თემა მნიშვნელოვანია საკრებულოს წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
„დღევანდელი სადისკუსიო თემა – „ინოვაცია მომავლისათვის“ უდავოდ სასარგებლოა, რამეთუ რეფორმების წინსვლას სწორედ ინოვაცია განაპირობებს და ასეთი ტიპის ინფორმაციის მიღება ნამდვილად წაადგება საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ახალი ეკონომიკური თუ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვაში “, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები