გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს კარენ ჩშმარიტიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში EBRD-ის წლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სერგეი ავეტისიანი, სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-სომხეთის საგარეო-ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებულია 60-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებები.

სომხეთის მხრიდან საქართველოში, 2003-2014 წლებში 20.13 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

2014 წელს, სომხეთიდან განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 139%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში დარეგისტრირებულია 548 საწარმო სომხეთის კაპიტალის მონაწილეობით.

სომხეთის ტურისტული ბაზარი საქართველოსათვის ერთ-ერთ მზარდ ბაზარს წარმოადგენს. სომხეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2014 წლის მონაცემების მიხედვით, ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 2.6%-ით და შეადგინა 1,325,635 ვიზიტორი. 0.5%-ით არის გაზრდილი ასევე 2015 წლის იანვარი-აპრილში სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები