თბილისის მერის მოადგილეები USAID-ის ექსპერტს შეხვდნენ
თბილისის მერის მოადგილეები, გიორგი სოლომონია, ნინა ხატისკაცი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე USAID-ის ექსპერტს, იაროსლავა ზაპლეტალოვას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ პროექტს სახელწოდებით – „მართე შენი ქალაქი“. პროექტი თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას ისახავს მიზნად და მათთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
როგორც შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები წლებია არსებობს, საზოგადოებაში საერთო საკუთრების შეგრძნება არ არის.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ამხანაგობების საქმიანობაში აქტიურად ჩართულ ადამიანებს USAID-ის ექსპერტი რეკომენდაციებს გაუწევს. საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის თქმთ, USAID-ის ექსპერტს დიდი გამოცდილება აქვს ამხანაგობების პროექტის განხორციელებაში და ჩვენ ამ გამოცდილებას გავიზიარებთ…
„ახალი პროექტის – „მართე შენი ქალაქი“ ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ, ყველა ოჯახში შევიდეთ, მესაკუთრეებს ავუხსნათ მათი უფლებები და ვალდებულებები და განვუმარტოთ, როგორ მართონ საერთო საკუთრება“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. USAID-ის ექსპერტი თბილისში 21 მაისამდე დარჩება.