საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, 8 ხმით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩია. ხათუნა გოგორიშვილის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, უმცირესობის კვოტით, ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარადგინა.
აღნიშნულ თანამდებობას საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიგლა აგულაშვილის ადგილმონაცვლის, თეიმურაზ ნერგაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პარლამენტში, კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, შემოვიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება და თანდართული დოკუმენტაცია.
განკარგულება ადგენს: „ცნობილ იქნას საქართველოს პარლამენტში საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ პარტიული სიით არჩეული საქართლოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიგლა აგულაშვილის (ბლოკის პარტიულ სიაში №27) ადგილმონაცვლედ ამავე ბლოკის პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი თეიმურაზ ნერგაძე (ბლოკის პარტიულ სიაში №90)“.
გიორგი კახიანის განცხადებით, განკარგულების თანდართული დოკუმენტაცია კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ერთხმად, მიზანშეწონილად მიიჩნია თეიმურაზ ნერგაძის პარლამენტის წევრად ცნობა. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც აღნიშნულ საკითხს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს.