გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება
“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, დამტკიცდა განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “წალკა აგროსათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
აღნიშნული პროექტის მიხედვით, შპს “წალკა აგროს” სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 32 595.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ქონების საბაზრო ღირებულება 180 000 ლარია) საკუთრებაში გადაეცა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია გადაცემულ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრეების შექმნას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში დაიწყებს. “წალკა აგრო” სამაცივრეების შესაქმნელად 720 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობაში 30 ადამიანი დასაქმდება.