რა მიმართულებებს უხელმძღვანელებენ თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები უწყებაში (ვიდეო)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე უწყებაში კურირებას ფინანსებს და შესყიდვებს გაუწევს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მისი მოადგილეების წარდგენისას განაცხადა.
“ჩემი პირველი მოადგილე იქნება დავით ებრალიძე. ბატონი დავითი გახლდათ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში იყო ენერგოომბუდსმენი. კონტროლის პალატაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, მისი ამ პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უხელმძღვანელებს და ჩაიბარებს, ძირითადად, ფინანსების, ლოჯისტიკის, შესყიდვების მიმართულებებს“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, იურისტი ბესიკ ლოლაძე კი თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.
“ბესო ლოლაძე არის პოცდამის უნივერსიტეტის დოქტორი. სულ რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოში დაბრუნდა. მანამდე გახლდათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ მოადგილეს ანა დოლიძეს, ის თავდაცვის უწყებაში სამხედროების უფლებების დაცვის კუთხით იმუშავებს.
„ანას მთავარი დამსახურება არ არის ის, რომ ქალია. ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი და ძალიან პრინციპული ადამიანია. ასეთად დაამახსოვრა მან თავი ყველას, ჯერ ძალიან პატარამ, როდესაც საია-ში პირველად მოვიდა. ანას მთავარი მიმართულება იქნება უფლებები – ყველა ის თემა, რაც უკავშირდება ქართველ ჯარისკაცებს, უკავშირდება ჩვენს გმირებს, მათ ოჯახებს, დაჭრილ მეომრებს”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა ანა დოლიძემაც.
„პროფესიით ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, შესაბამისად, მაქვს ნამუშევარი სამეცნიერო თვალსაზრისით მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფარგლებში ძალიან აქტიური მუშაობა გვქონდა ამ სტრუქტურასთან, განსაკუთრებით იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ჯარისკაცის უფლებების დარღვევებს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
თავდაცვის სამინისტროში ვაკანტურია კიდევ ორი მოადგილის პოსტი. თინა ხიდაშელის თქმით, აღნიშნულ თანამდებობებზე შერჩეული კანდიდატები საზღვარგარეთ სწავლობენ და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა ხიდაშელმა ამ ეტაპზე მათი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.