გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ნაგლაა ელ-ეჰვანის დღეს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
„ეგვიპტესთან განსაკუთრებით საინტერესოა სატრანსპორტო ურთიერთობები. ეგვიპტე ყიდულობს ყაზახეთიდან ხორბალს და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ ხორბალმა გაიაროს საქართველოს მარშრუტი, ვინაიდან ის დატვირთავს ჩვენს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ვისაუბრეთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეგვიპტე, ამ კუთხით, არის ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩვენთვის. ვისაუბრეთ ასევე პირდაპირ სატრანსპორტო მიმოსვლაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ შემოდგომაზე ჩავატარებთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ კომისიას, სადაც განხილული იქნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში აქტიურად თანამშრომლობენ. სტატისტიკური მონაცემებით, 2009-2014 წლებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში 87,36 მლნ.
აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ასევე პირდაპირი საჰაერო რეისები ხორციელდება. ამ მომენტისათვის ეგვიპტური ავიაკომპანია „ეარ ქაირო“ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 3 სიხშირით ახორციელებს. 2014 წელს შარმ ელ შეიხი-თბილისი-შარმ ელ შეიხის მიმართულებით ავიაკომპანია „ეარ ქაირომ“ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისები ნოემბრის თვის დასაწყისში შეასრულა. რის შედეგადაც 2014 წელს ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 3 564 ერთეული, ხოლო 2015 წლის I კვარტალის მონაცემებით, 8 846 ერთეული მგზავრი იქნა გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები