საქართველოში „ღვინის გილდიის“ 16 წარმომადგენლის ვიზიტი იგეგმება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ხვთისიაშვილი ეკვადორის „ღვინის გილდიის“ აღმასრულებელ დირექტორს პატრისია დონოსო დე პოსოს და გენერალურ კოორდინადორ გრეის დონოსო ლარერას შეხვდნენ.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
შეხვედრისას აღინიშნა ეკვადორსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დადებითი დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა ეკვადორთან სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ზოგადად ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღსანიშნავია, რომ ეკვადორის ღვინის გილდია არაკომერციული ხასიათის ორგანიზაციაა, მას ჰყავს 1300-მდე წევრი კომპანია (ღვინით ვაჭრობის, სასტუმრო და რეკრეაციული, ასევე სარესტორნო სექტორები).
კომპანია ძირითადად მიზნად ისახავს ღვინის კულტურის პოპულარიზაციას. ამ მიზნით გილდიის წევრები წელიწადში ორჯერ ახორციელებენ ვიზიტს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში. ორგანიზაციის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას. ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს კახეთის რეგიონი და ღვინის მწარმოებელი კომპანიები.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი იმისათვის, რომ სოლიდური ნიშა მოიპოვოს ეკვადორში და მის მეზობელ ქვეყნებში. ამ კუთხით ხაზი გაესვა რეგიონში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. ეკვადორული მხარის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ამ მიზნით იგეგმება „ღვინის გილდიის“ 16 წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში“, რომლის დროსაც განისაზღვრება ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. პატრისია დონოსო დე პოსოსას განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრის ვიზიტამდე, იგეგმება სტატიის გამოქვეყნება საქართველოს შესახებ ორგანიზაცის კუთვნილ საინფორმაციო-სარეკლამო ჟურნალში, რომლის მიზანიც იქნება ეკვადორში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და მისი, როგორც ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია რეგიონის ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები