თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, პარლამენტი წელს ახალი მთავარი პროკურორის არჩევის საშუალებას მოგვცემს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირდაპირ პასუხობს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს უყენებდნენ.
როგორც წულუკიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს პროკურატურის კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავარი პროკურორის პარლამენტის მიერ არჩევის ახალ წესს ახალი თავისებურებებით.
“ეს ყველაფერი პირდაპირ პასუხობს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რომელსაც მრავალი წელი საქართველოს უყენებდა არაერთი საერთაშორისო ექსპერტი და ორგანიზაცია. სულ ბოლოს გამოითქვა დასაბუთებული რეკომენდაცია და კრიტიკა ეუთოს მხრიდანაც. მე იმედი მაქვს, პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდება. ამ რეფორმას დაამტკიცებს და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე წელს ჩვენ ავირჩიოთ საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი.
საქართველოს პროკურატურის ორგანოებს პირველად ექნებათ საპროკურორო კონფერენცია. პირველად შეეძლებათ მათ არჩევნები ჩაატარონ და პირველად ექნებათ შესაძლებლობა რიგით პროკურორებს მთავარი პროკურორის შერჩევაში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.