მთავრობის სხდომაზე შს სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
მთავრობის სხდომაზე შს სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შეიქმნება ახალი სამსახური.
“დღეს წარდგენილი იყო შს სამინისტროს მიერ კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ განიხილა და მიიღო. ეს ითვალისწინებს ახალი სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების შექმნას, რომელშიც შევლენ სპეცსამსახურები, როგორიც არის კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური”, – განაცხადა გომელაურმა.
როგორც შს მინისტრმა განმარტა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით დაამტკიცებს. გომელაურის თქმით, სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 6 წლის ვადით და იგივე პირის ორი ვადით არჩევა არ იქნება შესაძლებელი.
“ეს ადამიანი აპოლიტიკური და ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე”, – განაცხადა გომელაურმა.