ბერძენი არქიმანდრიტის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
25 წლის ქართველი, რომელსაც ბერძენი არქიმანდრიტის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, საბერძნეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.
არქიმანდრიტის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე გასული წლის თებერვალში დააკავეს.
თავდაპირველი ვერსიით, ახალგაზრდა ქართველი, 18 წლის ბერძენ თანამზრახველთან ერთად, 54 წლის არქიმანდრიტს თავს დაესხა. სასულიერო პირს ბლაგვი საგნით ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
ბერძნული მედიის ცნობით, არქიმანდრიტის ცხედარი მისივე სახლში იპოვეს. არქიმანდრიტის დაკრძალვის დღეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთი ქართველი იყო. გამოძიების ვერსიით, არქიმანდრიტს ბლაგვი საგანი თავში პირველმა სწორედ ქართველმა ჩაარტყა. მომხდარის შესახებ საბერძნეთის სასამართლო ერთი წლის განმავლობაში მსჯელობდა. საბოლოოდ, მტკიცებულების არარსებობის გამო ქართველი უდანაშაულოდ ცნეს.