თამარ ტალიაშვილი საქართველოს მწერალთა სახლში კონკურსის დაჯილდოებაში მონაწილეობდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული და მთარგმნელობითი კონკურსის დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და ნომინაციაში გამარჯვებული გამოაცხადა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტალიაშვილმა ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია აზა ბასლანძეს გადასცა, ხოლო ახალგაზრდა შემოქმედებს წარმატებები უსურვა და საკრებულოს მიერ გამოცხადებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:
„მსურს გამოვიყენო ეს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი გარემო და ავტორებს მოვუწოდო განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს ეგიდით გამოცხადებულ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში “თბილისი“ აქტიური ჩართვისკენ. ეს არის უპრეცედენტო კონკურსი თავისი ფართო სპექტრითა და ნომინაციების სიმრავლით”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მან ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ და ციფრულ ეპოქაში წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ტალიაშვილმა აღნიშნა, თბილისის საკრებულომ შემოქმედებითი საზოგადოების მხარდასაჭერად, ლიტერატურული ჟურნალი „ცისკარი“ აღადგინა.
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ლიტერატურული კონკურსი 2009 წლიდან თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და მერიის ხელშეწყობით, ყოველწლიურად იმართება.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა შემოქმედთა გამოვლენასა და პოპულარიზაციას. პროზის, პოეზიისა და თარგმანის გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ გურამ რჩეულიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიები. აგრეთვე, გამარჯვებულ შემოქმედთა ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ „ცისკარსა“ და „ქართულ სიტყვაში“. წელს კონკურსში 200-მდე შემოქმედი მონაწილეობდა, რომელთა ნამუშევრები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ – რევაზ მიშველაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა და ამირან გომართელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები