ვახტანგ ხმალაძე: უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური უწყება არ უნდა იყოს
დადგა დრო, როდესაც უსაფრთხოების სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში აღარ იქნება – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პარლამენტი ახალ კანონზე იწყებს მუშაობას, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვა და შედეგად ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ უწყებას მივიღებთ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა აუცილებელია სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რამდენიმე წლის წინ, როდესაც კონსტიტუცია იქნა მიღებული, პირდაპირ ჩაიწერა, რომ აკრძალულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების რაიმენაირი გაერთიანება.
ეს ემსახურებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფას იმ თვალსაზრისით, რომ ის სტრუქტურები, რომელთაც აქვთ შეიარაღება და რომლებიც პასუხს აგებენ როგორც საგარეო, ასევე საშინაო უსაფრთხოებაზე, ერთ ხელში არ უნდა იყოს კონცენტრირებული. ასე იყო 2004 წლამდე. მაშინ ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ” გააერთიანა შინაგან საქმეთა სამნისიტრო და სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ეს ორი სტრუქტურა აღმოჩნდა ერთი მინისტრის დაქვემდებარებაში.
„ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში ჩვენ ჩავწერეთ, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიყოს. როგორც იქნა, დადგა დრო, როდესაც რეალურად მოხდება ამ ორი სამსახურის ერთმანეთისგან გაყოფა. გაყოფა ხდება იმდაგვარად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტოს, უკვე აღარ იქნება სამინისტროს დაქვემდებარებაში. მისი ხელმძღვანელი იქნება არა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, არამედ პროფესიონალი. ხელისუფლების შეცვლა არ გამოიწვევს ამ სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლას. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური უწყება და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას. იმედი გვაქვს, წელს კანონსაც მივიღებთ და ეს გაყოფაც დასრულდება”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.