ოთარ დანელია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ჯერარდ შუმან ჰიცლერს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ გასული წელი შთამბეჭდავი იყო აგრარული სექტორის ზრდის კუთხით და ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაგეგმილია ფერმერთა კოოპერირების კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა, ფერმერთა რეგისტრაციის და ექსტენციის სისტემის ჩამოყალიბება, ლაბორატორიების განვითარება, სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხების, ასევე სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების პროგრამების მხარდაჭერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს, რადგან ევროკავშირთან დაახლოების პროცესი თავისთავად გულისხმობს ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისობასა და სტანდარტების დაკმაყოფილებას.
,,სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებულ სტრატეგიაში ყველა ის მიმართულებაა გათვალისწინებული, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს აგრარული სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 2013 წელს, ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეუ რნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD I) ფარგლებში ევროკავშირმა 40 მლნ ევრო გამოყო და ვალდებულებების შესაბამისად, 12 მლნ ევრო დამატებით გამოყო. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ, დარგის განვითარების სწორმა პოლიტიკამ და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების პოზიტიურმა დინამიკამ განაპირობა ის, რომ ევროკავშირი ENPARD II- ის ფარგლებში საქართველოს კიდევ 50 მლნ ევროს გამოყოფს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ჯერარდ შუმან ჰიცლერმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს როგორც ევროინტეგრაციის გზაზე მდგომი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები და ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
,,მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და შეხედულებები ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთ, ძლიერ გუნდად გაერთიანება. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ფინანსურ დახმარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პირველი პროგრამა ,რომელიც ეხებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, წარმატებით განხორციელდა და ხელშესახები შედეგებიც გვქონდა, რაც ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ეს იქნება სტიმული, თუ როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის მოდერნიზება, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება“, – განაცხადა ჯერარდ შუმან ჰიცლერმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა ევროკავშირისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც სიღარიბის დაძლევა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, აგრარული სექტორის განვითარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. DCFTA მოიცავს მკაფიოდ განსაზღვრულ რეფორმებს, მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. საჭირო გახდა დარგის მოდერნიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ამ მიმართულებით კი, ევროკავშირის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები