“თბილისის მერიაში ათეულობით ათასი ლარის პრემიების გამოწერა დღემდე გრძელდება”

დედაქალაქის მერიაში მაღალი პრემიების გამოწერა დღემდე გრძელდება და ამ მიზნით, ათეულობით ათასი ლარია გაცემული – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის“ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი გაზეთ “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“ნაძალადევის გამგეობაში, აპრილის თვეში, სააღდგომოდ, 84 000 ლარი პრემია დარიგდა 81 თანამშრომელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან თითოზე საშუალოდ 1000-ლარიანი პრემია გაიცა. ყველა თანამშრომელმა ხელფასის ოდენობის პრემია მიიღო“,- აცხადებს ხაბეიშვილი.
მისი ინფორმაციით, პრემიებისგან თავი არც გამგებლის მოადგილეებს შეუკავებიათ.
“ნაძალადევის გამგებელს ორი მოადგილე ჰყავს, მათი ხელფასი 1 440 ლარია, ამას ემატება 1 440 ლარი დანამატის სახით. სააღდგომოდ მათ 1 440-ლარიანი პრემიებიც გამოიწერეს. მთლიანობაში თითომ 4 320 ლარი აიღო. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ორივე მოადგილე საატესტაციო გამოცდაზე ჩაიჭრა“,- აღნიშნავს “მედიატორის“ ხელმძღვანელი.
ამასთან, ხაბეიშვილის განცხადებით, ყურადსაღებია ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეების ხელფასები და პრემიები, რომლის რაოდენობამ 2 700 ლარი შეადგინა. ,,საუბარია მუნიციპალიტეტის ოთხ ოროსან თავმჯდომარეზე. მათ შესანახად სააღდგომოდ თბილისელებმა 10 800 ლარი გადავიხადეთ. გამოდის, რომ ჩაჭრილების, არაპროფესიონალების, ,,ქართული ოცნების“ აქტივისტების და მაღალჩინოსნების ნათესავების შენახვა ყოველთვიურად 100 ათასობით ლარი გვიჯდება“,- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები