“საქართველოში ფრინველის ვირუსის შემოჭრის მაღალი რისკია“
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა დოლიძის განცხადებით, თურქეთიდან საქართველოში ფრინველის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია, რაზეც სახელმწიფო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.
ზაზა დოლიძემ ამის შესახებ გაზეთი,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თურქულ ქარხნებს, საიდანაც საქართველოში ფრინველის ნაწარმი შემოდის, შეზღუდვები დაუწესდა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ფრინველის მაღალპათოგენური ვირუსი დაფიქსირდა. ჩვენ კანონის შესაბამისად შეზღუდვა დავაწესეთ. იმ ქარხნებს, საიდანაც საქართველოში ცოცხალი ფრინველი, კვერცხი, წიწილა, ქათამი შემოდიოდა, შეზღუდვა დაუწესდა და ქვეყანაში ეს პროდუქცია ვეღარ შემოვა. ქვეყანაში ფრინველის ვირუსის შემოჭრის იმდენად მაღალი რისკია, რომ პირველ პლანზე ეს საკითხი გვაქვს დაყენებული, მაღალპათოგენური ვირუსია, რომელიც ადამიანზე გადადის და, სამწუხაროდ, ცუდი შედეგებით მთავრდება, არ იქნება თურქეთიდან იმპორტი, მაგრამ იქნება უკრაინიდან, რუსეთიდან, ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან“,-აცხადებს დოლიძე.
ამასთან, მისი თქმით, ზოგადად დღეს კატასტროფული მდგომარეობა არ არის, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, პრევენციული ზომები გაატაროს.
„ზოგადად დღეს კატასტროფული მდგომარეობა არ არის, მაგრამ ვალდებულები ვართ პრევენციული ზომები გავატაროთ, ამ ეტაპზე შეზღუდვებით შემოვიფარგლებით, ასევე, შევალთ ინიციატივით, რომ შეფასდეს კონკრეტული სიტუაცია. ვიმსჯელებთ, რომ არ დავიწყოთ პრევენციული ზომების გატარება საზოგადოებასთან მიმართებაშიც“,-აღნიშნავს დოლიძე.