ზღვაში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან

გაზეთი „კვირის პალიტრა“ ზღვაში, გემზე ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ბრაზილიაში გემზე დარჩენილ ეკიპაჟს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. ამის მიუხედავად, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებას მაინც ვერ ახერხებენ. ქართველი მეზღვაურები ნიგერიის ნავსადგურ ჰარკორტში გახმაურებული ინციდენტისას დააკავეს – პანამის დროშით მცურავ გემზე (რომლის მფლობელიც თურქი გახლდათ) იარაღით სავსე კონტეინერი აღმოაჩინეს. ქართველმა მეზღვაურებმა 38 დღე ნიგერიის პოლიციის შენობაში, მძიმე პირობებში გაატარეს, თუმცა, გემთ¬ფლობელის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და პორტში დატყვევებულ გემზე გადაიყვანეს. რამდენიმე თვეში გემს ბრაზილიისკენ წასვლის ნება დართეს, სადაც ვიტორიასთან ჩაუშვა ღუზა. ვინაიდან გემთმფლობელი პორტში დგომის თანხებს აღარ იხდიდა, გემი იქაც დაატყვევეს. ეკიპაჟის სხვა წევრებმა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება მოახერხეს, ქართველი მეზღვაურები კი, კერძოდ, კაპიტანი რამიზ ქათამაძე და მოტორისტი ჯაბა დუმბაძე ბოლო დრომდე გემის გაყიდვასა და მიღებული თანხიდან სახელფასო დავალიანების დაფარვას ელოდნენ.
ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა და ბრაზილიის პორტმა უარი თქვა მეზღვაურების დახმარებასა და რჩენაზე (რასაც აქამდეც კეთილი ნებით აკეთებდა) და გემზე დარჩენილ ეკიპაჟს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის მიუხედავად, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებას მაინც ვერ ახერხებენ. რამდენიმედღიანი შიმშილის შემდეგ რამაზ ქათამაძემ “კვირის პალიტრასთან” სკაიპით დაკავშირება შეძლო. “თქვენი იმედი გვაქვს. ვფიქრობთ, შეგვაწევთ სიტყვას მათთან, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. უკვე მე-16 თვეა, რაც ბრაზილიის საპორტო ქალაქ ვიტორიაში დატყვევებულ გემზე ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში ყურადღებას აქაური პორტის თანამშრომლები გვაქცევდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ბედით სათანადოდ არ დაინტერესებულა! ამჯერად, პორტის ხელმძღვანელობა ითხოვს, რომ დატყვევებულ გემზე მყოფმა ეკიპაჟმა ბრაზილია დატოვოს, ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ. მათ გემის გაყიდვა უნდათ, რომელიც პორტში დგომის ხარჯებს ვერ ფარავს და დავალიანება დღითი დღე კოლოსალურად იზრდება. გამოუვალ მდგომარეობაში ვართ: გემზე აღარ არის საკვები, წამალი, შუქი, საწვავი, რომლითაც გენერატორს ვამუშავებდით. სიცოცხლისთვის საჭირო არავითარი პირობა აღარ გვაქვს. დღეს ერთი პომიდორი და 2 კიტრი დავჭერით, რომელიც აქაურმა პროკურორმა მოგვიტანა, და 7-მა კაცმა გავინაწილეთ.
მათგან ორი ქართველი ვართ, ერთი რუსია, ერთი არაბი და სამი თურქი. სხვები ამ დღეებში გემს დატო¬ვებენ და თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდებიან, ჩვენ კი სრულ-იად უპატრონოდ ვრჩებით. ამდენ სტრესსა და გულის ხეთქას ვეღარ ვუძლებ, სისხლში შაქრის შემცველობამ ძალიან აიწია. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორმე ჩემს ოჯახს მშვიდობით დავუბრუნდე. ჩვენს გამომგზავრებას 2.000 დოლარი სჭირდება, რაც არა გვაქვს. ერთი ბილეთის ფასი 1.000 დოლარს უტოლდება. საქართველოს კონსულს დავუკავშირდით ბრაზილიაში. მან ჩვენი თხოვნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. ამ უწყებამ კი ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, რომელმაც ფული არ გამოყო. ჯერ გვითხრეს, ყველაფერი კარგად არისო და წასასვლელად გავემზადეთ. ახლახან კი კონსულმა გვაცნობა, საქართველომ თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადაო.
გამოდის, სიკვდილისთვის გაგვიმეტეს. აბა, თევზები ხომ არა ვართ, ზღვაში ამდენ ხანს ყველა პირობის გარეშე ვიცხოვროთ?! ნუთუ მეტი არ ვღირვართ ქვეყნისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვემსახურეთ?! საზღვაო სფეროში მუშაობის თითქმის 50-წლიანი სტაჟი მაქვს. ეს ფული სესხად მაინც გამოგვიყონ! ავიღებ სახელფასო დავალიანებას და ყველ-აფერს ბოლო თეთრამდე გავისტუმრებ”, – ამბობს ქათამაძე. გახსოვთ, ალბათ, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები როგორ გაათავისუფლეს. მათ “აირზენას” თვითმფრინავი გაუგზავნეს კენიაში და ისე გადმოაფრინეს. ჩვენ ასეთ პატივს არ ველით, მაგრამ ბანკებთან მაინც დაგვიდგნენ თავდებად, წამოსასვლელი თანხა ამ გზით რომ ვიშოვოთ. ისღა დაგვრჩენია, თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას: “ძალიან გთხოვთ, ზღვაში სასიკვდილოდ ნუ გაგვიმეტებთ! ეს თქვენი სირცხვილი იქნება!” რატომ არ დაეხმარა საქართველოს სახელმწიფო გასაჭირში ჩავარდნილ თავის მოქალაქეებს, ამის გასარკვევად გამოცემა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, მამუკა ახალაძეს დავუკავშირდა. მისი თქმით, ქათამაძე საეჭვო კომპანიაში დასაქმდა, რომელიც მასზე არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს, კომპანიის გემები კი კონტრაბანდული საქონლის გადაზიდვაში არიან შემჩნეული. „სამი წლის წინ რამიზ ქათამაძე ბულგარეთის სანაპირო წყლებში დატყვევებულ გემზე იმყოფებოდა ხელფასისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების გარეშე.
იმხანად შევაწუხეთ ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაცია, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და ერთგვარი ზეწოლის შედეგად, გემთმფლობელმა გამოიჩინა ნება, გადაეხადა ხელფასი და წამოსვლის საშუალება მიეცა. ამ ინციდენტიდან რამდენიმე თვეში ქათამაძე იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ჰარკორტთან დაკავებულ გემზე მოუწია უსახსროდ და უპატრონოდ ყოფნამ. ისევ ჩავერიეთ… ქათამაძე დავიხსენით, მისი გემი კი ბრაზილიაში გაემგზავრა. თუმცა, იქაც დაატყვევეს და ქათამაძე ახლაც შველას ითხოვს. ამ პრობლემის თავიდათავი ის არის, რომ ქათამაძე საეჭვო კომპანიაში დასაქმდა, რომელიც მასზე არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს. ამ კომპანიის გემები კონტრაბანდული საქონლის გადაზიდვაში არიან შემჩნეული. ქათამაძეს ჩვენთან კონსულტაცია რომ გაევლო, გავაფრთხილებდით, რომ ამ კომპანიის გემზე არ დასაქმებულიყო… არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, მისი პრობლემის მოსაგვარებლად ვხარჯოთ ადმინისტრაციული რესურსი, დრო და ენერგია. ამისთვის სახელმწიფო თანხას ვერ გაიღებს. არსებობს მასზე არანაკლებ გაჭირვებული ათასობით საქართველოს მოქალაქე, მნიშვნელობა არა აქვს, მეზღვაურია თუ არა.
ეკონომიკის სამინისტროსა და მასში შემავალ საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს არ ევალება მეზღვაურთა რეპატრიაცია. მიგვაჩნია, რომ ეს არამიზნობრივი ხარჯია. საქართველოს სახელმწიფოს რეპატრიაციისთვის თანხის გაღება ევალება მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი აქვს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ შემთხვევებს – მიწისძვრას და ა.შ. მათ ვერავინ აიძულებს დატოვონ გემი. ამ სფეროში საერთაშორისო სამართლის მოქმედი ნორმების შესაბამისად, ეს შეუძლებელია. მათ ჰყავთ ოჯახები, აქვთ ქონება, მანქანა და ა.შ. გაყიდონ ან ჩადონ იპოთეკაში და ბანკში აღებული კრედიტით გადაიხადონ ბილეთის ფული“, – აცხადებს მამუკა ახალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები