შალვა ნათელაშვილი: ვაკეში „ესპრესოთი“ გამოზრდილი ამომრჩეველი მე ხმას არ მომცემს!
„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას მომავალ არჩევნებზე კონკურენტად არ მიიჩნევს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მას არჩევნებზე საკუთარი ელექტორატი ჰყავს. როგორც შალვა ნათელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი ალასანაია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 6-7 პროცენტს მიიღებს. „გამორიცხულია, ირაკლი ალასანია ჩემი კონკურენტი ვერ იქნება, რადგან ჩვენ სხვადასხვა ამომრჩეველი გვყავს. ჩემი ამომრჩეველი ირაკლის ხმას არ მისცემს და ვაკეში, „ესპრესოთი“ გამოზრდილი ამომრჩეველიც მე არ მომცემს ხმას! ქვეყანა რომ დაიქცეს, ირაკლი ალასანია 6-7 პროცენტზე მეტს არჩევნებში ვერ მიიღებს.
თუ დიდი კოალიცია შეიკვრება და დიდი ფინანსები დაიდება, ეს უკვე სხვა საკითხია!“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ყურადღებას ნინო ბურჯანაძეს მომავალ პოლიტიკურ ასპარეზსაც აფასებს. შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი პროკურატურაში უნდა იჯდეს და ჩვენებებს უნდა აძლევდეს მისი ოჯახის წევრების მიმართ.
„ნინო ბურჯანაძითა და მისი ოჯახით უნდა დაინტერესდეს გამოძიება. ეს ქალბატონი პროკურატურაში უნდა იჯდეს დაკითხვაზე და ჩვენებას აძლევდეს თავისი ოჯახის წევრების მიერ ჩადენილ ცოდვებზე! რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ნინო ბურჯანიძის ქმარი გვარბევდა მე და თქვენ 7 ნოემბერს სასაზღვრო ჯარების სპეცრაზმით!“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.