“2018 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი სწორედ “პანორამა თბილისი” იქნება”

გაზეთი “ახალი თაობა” პროექტ “პანორამა თბილისის” შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც არა მხოლოდ პროექტის მნიშვნელობაზე, არამედ მისი მოწინააღმდეგეების არგუმენტებზეა საუბარი.
სტატიის ავტორი წერს, რომ ბოლო დროს, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობას, რომელზეც ბიუჯეტიდას ლამის მილიარდამდე თანხა დაიხარჯა საქართველოში მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა, ახლა კი არის გეგმა, რომლის ღირებულებაც სწორედ მილიარდი ლარია და მის განხორციელებას ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი თანაინვესტირების ფონდი აპირებს. სტატიის ავტორი წერს, რომ პროექტს თამამად შეიძლება საუკუნის მშენებლობა ეწოდოს, რადგან არამარტო მასშტაბებითა და ღირებულებით, არამედ მნიშვნელობითაც ბოლო წლების საქართველოში ანალოგი არ აქვს.
“პროექტის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს, ეკოლოგიურად სუფთა, საბაგირო გზით, ზუსტად სამ წუთში შეეძლება აქ მოხვედრა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფეშენებელურ სასტუმროში დასვენებაზე. აქ იქნება უამრავი გასართობი, უბრალოდ დასასვენებელი ადგილი, სუფთა ჰაერზე, ქალაქიდან მოშორებით და შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო სოციალური პროექტია, რადგან მილიარდ ლარად სხვა, ბევრად მომგებიანი ბიზნესის გაკეთება შეიძლებოდა, თუმცა ჩვენ არჩევანი პანორამა თბილისზე შევაჩერეთ“,-ამბობს პროექტის დირექტორი ირაკლი ქარსელაძე.
“არ მესმის, რატომ არის ამ პროექტის წინააღმდეგი ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ეს არ არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, ეს პროექტი მთლიანად თანაინვესტირების ფონდის მიერ ხორციელდება და მასში მილიარდ ლარს ვდებთ. თანაც, ეს მილიარდი მაქსიმუმ სამ წელიწადში უნდა ჩაიდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკას მისცემს სერიოზულ ბიძგს“,- განაცხადა „ოლდ სიტი დეველოპმენტის“ დირექტორმა გიორგი ლილუაშვილმა.
სტატიის ავტორი კი წერს, რომ პროექტს წინააღმდეგობა ძირითადად “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა მხრიდან შეხვდა. ისინი ჯიუტად აცხადებენ, რომ „პანორამა თბილისი“ დედაქალაქის ხედს დაამახინჯებს და ეს მოსპობს იმის შესაძლებლობას, რომ იუნესკომ თბილისის ეს უბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიაროს. არადა, ჯერ კიდევ 2001 წელს, იუნესკომ ოფიციალურად განაცხადა უარი თბილისის ამ უბნის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებაზე და მიზეზად ახალი შენობები დაასახელა. 2001 წლის შემდეგ რამდენი თანამედროვე ტიპის კონსტრუქცია დადგა წინა ხელისუფლებამ, კარგად მოგეხსენებათ და იუნესკომ საბოლოოდ ხელი მაშინ ჩაიქნია, როცა რიყეზე ორი წაქცეული კოკა რომ წამოჭიმეს. თუმცა „ნაციონალებს“ ეს აღარ ახსოვთ და აცხადებენ, რომ „პანორამა თბილისი“ არა სოლოლაკის ქედზე, არამედ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, ან იმ ადგილას, სადაც ახლა ვაგზლის მოედანია, რამეთუ მალე მოედნის გადატანა იგეგმება და სარკინიგზო ხაზი აღარ იქნება.
“ახალი თაობა” წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მხარი საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა აუბა და სიტყვა სიტყვით გაიმეორა ის, რაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააჟღერეს. განცხადების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, მათთან ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზქაციებთან ერთად, აქციაც გამართეს სახელწოდებით „არა პანორამას“.
სტატიის ავტორი აღნიშნულ აქციაზე მომხდარ საინტერესო ფაქტსაც აღნიშნავს, რაც აქციაზე დავით ავალიანის მისვლას უკავშრდება. სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანს სასამართლო 48 მილიონის გაფლანგვას ედავება.
“როგორია? 48 მილიონის გაფლანგვაში ეჭვმიტანილი ავალიანი მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას რომ აპროტესტებს?!”, – ნათქვამია სტატიაში.
„სისულელეა მენტორული და დამრიგებლური ტონით იმის მტკიცება, რომ პროექტი გადასატანია და სხვაგან არის განსახორციელებელი. ჩვენ განვიხილეთ პროექტი და შეიძლება ითქვას, რომ შენიშვნები პრაქტიკულად არ გვაქვს. ჩვენთან ერთად, პროექტზე უცხოელებიც მუშაობდნენ და შენიშვნები არც მათი მხრიდან დაფიქსირებულა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „პანორამა თბილისი“ დედაქალაქის იერსახეს არ დაამახინჯებს“, – განაცხადა არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ დავით აბულაძემ.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პროტესტის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცენტი ხეების მოჭრაზე გააკეთეს და ისიც აღნიშნეს, „პანორამა თბილისს“ უნიკალური ჯიშის ხეები ეწირებაო.
„მთლიანობაში 126 ძირი ხე უნდა მოიჭრას. ამ ხეებს შორის არ არის არცერთი ენდემური ჯიშის ხე და არცერთი ძირი არ არის წითელ წიგნში შეტანილი. 126-ვე ხე ე.წ. ელდარის ფიჭვია. პარალელურად ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 30 ათას ძირამდე ახალი ხის დარგვა, რაც ბუნებას სერიოზულ შვებას მისცემს“,-ასეთია პროექტის ავტორთა განაცხადი.
“ნაციონალურ მოძრაობას” კი არ ახსოვს, რომ ხეები მათი ზეობის პერიოდში თითქმის მთლიანად გაიჩეხა თბილისის შემოგარენში და განსაკუთრებით იპოდრომზე, ადგილზე, რომელიც თბილისის ფილტვებად ითვლებოდა… და „ნაციონალთა“ მხრიდან, ინვესტორთათვის იმის შეთავაზება, რომ სოლოლაკის ქედი ხელუხლებელი დარჩეს, ისევ ნაგავსაყრელი იყოს და თანაინვესტირების ფონდმა მილიარდი სხვაგან ჩადოს, ცოტა არ იყოს, აბსურდულად ჟღერს. რაც მთავარია, „პანორამა თბილისის“ ასაშენებელი კომპლექსი პრაქტიკულად კვლავ რჩება რეკრეაციულ ზონად, რადგან მშენებლებმა არა მთლიანად ტერიტორიისთვის მოითხოვეს სტატუსის მოხსნა, არამედ კონკრეტულად იმ ადგილისთვის, სადაც შენობა-ნაგებობები უნდა განთავსდეს, დანარჩენი შემოგარენი კი კვლავ რეკრეაციული ზონის სტატუსის მატარებელი იქნება. პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულდეს და უკვე ვარაუდობენ, რომ 2018 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი სწორედ „პანორამა თბილისი“ იქნება, კომპლექსი, რომლის ღირებულებაც მილიარდი ლარია!”, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები