ბიძინა გიორგობიანის საკითხს ანტიკორუფციული სამსახური შეისწავლის

მერიის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის ბიძინა გიორგობიანის საკითხს ანტიკორუფციული სამსახური შეისწავლის. საკრებულოს წევრები უწყებას საკუთარი ინიციატვით უახლოეს დღეებში მიმართავენ. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, გიორგობიანი კატეგორიულად უარყოფს წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას, თუმცა საწინააღმდეგო წერია განცხადებაში, რომელიც 23 აპრილით არის დათარიღებული. ბიძინა გიორგობიანი სამშენებლო კომპანიას ხეების მოჭრის მოთხოვნაზე პასუხობს:
„თქვენი განცხადების პასუხად, სადაც ითხოვთ მშენებლობის განხორციელების მიზნით 10 ძირი ელდარის ფიჭვის ძირის, 10 ძირი კედარის, 1 ძირი აკაციის, 1 ძირი ჭადრის, 3 ძირი კვიპაროსის, 1 ძირი კვიდოს, 4 ძირი ჭადრის მოჭრას – სამსახური თანახმაა, მოიჭრას ზემოაღნიშნული ხე-მცენარეები“. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ნებართვის მიღების შემდეგ სამშენებლო კომპანიამ დაიწყო ხეების მოჭრა, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების რეაქციის შედეგად ბიძინა გიორგობიანის სამსახურმა გამოსცა ალტერნატიული ბრძანება, რომლის თანახმადაც კომპანიას ხეების მოჭრაზე უკვე მიღებული ნებართვა გაუუქმდა. „არქი ჯგუფის“ მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, მათ გადაიხადეს 90 ათას 916 ლარი, თუმცა მისი თქმით, ეს არ არის ჯარიმა, ამას ეწოდება აღდგენითი ღირებულება.
„ხეები მოიჭრა კანონთან შესაბამისობაში, რადგან გაცემული იყო ნებართვა და ნებართვის ფარგლებში ვიმოქმედეთ. ალტერნატიული ნებართვის გამოცემის შემდეგ ხეების მოჭრა გაჩერდა“, – აცხადებს „არქი ჯგუფის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
ბიძინა გიორგობიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას კვლავ უარყოფს ნებართვის გაცემას და აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიამ უკანონოდ დაიწყო ხეების მოჭრა მანამ, სანამ ნებართვას მიიღებდა, რის გამოც ის დაისაჯა კიდეც. „აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც შემუშავდა და საკრებულოს გადაეცა განსახილველად.
იმისთვის, რომ საკრებულოში მოხვედრილიყო განაშენიანების რეგულირების გეგმა, ზონალურმა საბჭომ, რომელიც მერიაში ფუნქციონირებს, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობები მხოლოდ და მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის მისაღებად აუცილებელი იყო, რომ მათ მოეპოვებიანთ თანხმობა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურიდან.
ანუ ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ ამ ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმა შექმნილიყო. ამიტომ გავეცით თანხმობა, თუმცა დეველოპერმა იჩქარა და სანამ საკითხი განიხილებოდა, მანამ დაიწყო ხეების მოჭრა. როგორც კი გავიგეთ, რომ პროცესი უკანონოდ იყო დაწყებული, შევაჩერეთ. თანხმობა გაიცა ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის მოსაპოვებლად და დასამტკიცებლად და არა ხეების მოსაჭრელად. სამშენებლო ორგანიზაციას, რომელმაც ხეები უკანონოდ მოჭრა, ხეების აღდგენითი ღირებულება უკვე გადახდილი აქვს და სანაცვლოდ დარგო ხეების გარკვეული რაოდენობა. ასევე, წერილობით აიღო ვალდებულება, რომ დარგავს ათას ძირ ხეს და მოუვლის ოცი წლის განმავლობაში“, – აცხადებს გიორგობიანი. საკრებულოს წევრები საკითხის გამოძიებას ითხოვენ და როგორც ცნობილი ხდება, ალეკო ელისაშვილის ინიციატივით, პოლიტიკოსები მალე ანტიკორუფციულ სამსახურს მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები