თამარ სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებენ
პროფესორი მიხეილ ქავთარაძე განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებს. აღნიშნულით პროფესორი ხელნაწერთა ეროვნული ცეტრის დირექტორის ბუბა კუდავას გათავისუფლებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სანიკიძე ტყუის, როცა ამბობს, რომ ბუბა კუდავას სამსახურიდან დათხოვნის რეალური მიზეზი მისი მაღალი ხელფასი გახდა. აღნიშნული ქავთარაძემ გაზეთ “კვირის ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.
“მე რაც ტელევიზორში მოვისმინე, იქ მინისტრმა ბევრი ტყუილი თქვა. ის, რომ ბუბა კუდავას დიდი ხელფასი ჰქონდა, ასე არ არის. ასე, რომ დიდი დაძაბული სიტუაციაა“, – განაცხადა ქავთარაძემ.
მისი თქმით, ბუბა კუდავას გათავისუფლების მიზეზი გაურკვეველია, რადგან ის თავის მოვალეობას პასუხისმგებლობით ასრულებდა. ,,ამ ადამიანის ხელში არანაირი ხელნაწერი არ დაკარგულა, აბსოლუტურად, ფურცელიც არ არის დაკარგული და არც დაიკარგება. მანდ ძალიან გაურკვეველი სიტუაციებია და ვნახოთ, შემდეგი დღეები რას მოგვიტანს“,- განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.
ამავე ინტერვიუში, ქავთარაძემ აღნიშნა, რომ ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებმა მინისტრის სახელზე საპროტესტო წერილი დაწერეს. ,,ჩვენ თანამშრომლებმა დავწერეთ საპროტესტო წერილი და გვინდა მინისტრ ქალბატონს თამარ სანიკიძეს ავუხსნათ, რომ არ შეიძლება ასეთი ღონისძიების ისე ჩატარება, რომ არ შეეკითხოთ და არ გაიგოთ 200-კაციანი თანამშრომლიდან არც ერთის განწყობა და დამოკიდებულება“,- აღნიშნავს ქავთარაძე.