სკანდალური საპროცესო გარიგება – მამაკაცების ფარული მიყურადების საქმეზე – გეების საქმე

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და შოკისმომგვრელ საქმეში ბრალდებული სამი მაღალჩინოსანი თავისუფალია. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებს – თორნიკე გუნავას, მერაბ მეტრეველსა და ალექსანდრე კუჭუაშვილს, რომლებიც წლების მანძილზე პირადი ცხოვრების ხელყოფის მიზნით, ადამიანების ფარულ მიყურადებასა და ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. საუბარია მეგის ქარდავას თანამზრახველებზე, რომლებიც განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს უთვალთვალებდნენ და მათ სექსუალურ აქტს ფირზე იღებდნენ. „დანაშაული მთავარმა პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს გახსნა და საზოგადოებას ის სკანდალური ფირები აჩვენა, რომლზეც არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცების სექსუალური ცხოვრება იყო გადაღებული. მაშინ ამ კადრებმა არა მარტო ქართველი საზოგადოება გააოცა, არამედ უცხოელი დიპლომატიური კორპუსიც კი გააოგნა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და უპრეცედენტო საქმე, რომელიც ახალი მთავრობის მუშაობის შედეგად გაიხსნა“, – წერს გამოცემა.
მათივე ინფორმაციით, წინასწარ დაგეგმილი სქემის მიხედვით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებს – მეგის ქარდავას უშუალო ბრძანებით „დავერბოვკებული“ ჰყავდათ არატრადიციული ორიენტაციის მქონე რამდენიმე მამაკაცი, რომლებსაც აიძულებდნენ, მოეძებნათ მსხვერპლი და კონსპირაციულ ბინაში, სადაც სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული, მათთან დაემყარებინათ სექსუალური კონტაქტი. მათ ძირითად სამიზნეს წარმოადგენდნენ ცნობილი ადამიანები შოუბიზნესიდან და სხვადასხვა სახელოვნებო სივრციდან. პროკურატურის მიერ ამოღებული ვიდეომასალებიდან გაირკვა, რომ კონსპირაციულ ბინაში ათეულობით ადამიანი გაება სამხედრო პოლიციის მიერ დაგებულ ხაფანგში. მასალებიდან, აგრეთვე, ირკვევა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მეგის ქარდავას აწვდიდნენ, რომლის დავალებითაც შემდგომში უკავშირდებოდნენ მსხვერპლს და მაკომპრომეტირებელი მასალების გამოყენებით, მუქარითა და შანტაჟით აიძულებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ იმ ღონისძიებებში, რომელიც მიზნად ისახავდა „ნაციონალური მოძრობის“ პოპულარიზაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. ამავე სქემის მიხედვით, შტაბის მსხვერპლ პირებს იყენებდნენ ცრუ მოწმეებად სხვადასხვა საქმეში. ამ უმძიმეს დანაშაულში ჩართულმა პირებმა ჩვენებები სასამართლოს დახურულ პროცესზე მისცეს და პროკურატურის მიერ გაშიფრული სქემა დაადასტურეს. ამ საქმეზე პროკურატურამ ის 3 ადამიანი დააკავა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირების მუქარასა და შანტაჟში. საუბარია სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე, რომლებიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა მათ ცოტა ხნის წინ პროკურატურა გაურიგდათ.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიება ამ საქმეზე სრულყოფილად არ ჩატარებულა, საქმეზე არ იქნა დადგენილი სრული ჭეშმარიტება. კერძოდ, ვის დავალებას ასრულებდნენ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნები. „პრაიმტაიმთან“ საუბარში მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიებამ ვერ დაუმტკიცა ბრალეულობა ამ საქმეში. მეტიც, ველიჯანაშვილი პროკურატურას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქარდავას ბრალეულობა, ბრალდების მხარემ ვერც სასამართლოზე დაამტკიცა და მოსამართლემ მხოლოდ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნები მისცა პასუხისგებაში. თუმცა მათ პროკურატურამ საპროცესო გარიგება შეუფარდა. ძალოვანი უწყება ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. პრესსამსახურმა გამოცემის მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა. ინფორმაციას სკანდალური საპროცესო გარიგების შესახებ ადასტურებს მეგის ქარდავას ადვოკატი. მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, საპროცესო გარიგება მსჯავრდადებულების პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე გაფორმდა.
„გაფორმდა საპროცესო შეთანხმება თორნიკე გუნავასთან, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს, ხოლო მეტრეველი და კუჭუაშვილი სასამართლომ გაამართლა. მაგრამ იცით, როგორ იყო? ეგენი სხვა საქმეშიც იყვნენ და როგორც მახსოვს, იქ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება, მაგრამ სამივე გაათავისუფლეს.საპროცესო შეთანხმება შედგა თანამშრომლობის მიზნით და როგორც შეთანხმებაში ეწერა, სხვა საქმეც, რომელზეც ის დაავალდებულეს, რომ ეთანამშრომლა პროკურატურასთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, მეგის ქარდავას დანაშაული ამ საქმეში არ გამოიკვეთა. ქარდავას ბრალიც კი არ წაყენებია. პროკურატურამ მაშინ უხეშად დარღვია ქარდავას უფლებები და ამის გამო ვიჩივლეთ კიდეც. ეს თავიდანვე უსაფუძვლო ბრალდება იყო. ამ საქმეში ბრალდებულები ქარდავას თანამშრომლები იყვნენ. მე ვიცავდი მეგისის უფლებებს და ფაქტია, რომ მას ბრალიც კი არ წაყენებია ამ საქმეში. არ ვიცი, ვინ უკვეთდა, ეს იყო დახურული საქმე, შესაბამისად, პროცესიც და ნამდვილად ვერ გეტყვით ვერაფერს. მე არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად ვინ ავალებდა მათ ამ კადრების გადაღებას“, – აცხადებს ველიჯანაშვილი. როგორც „პერაიმტაიმი“ წერს, პროკურატურამ გამოძიების გაგრძელებაზე უარი თქვა და სკანდალური საქმე საპროცესო გარიგებით დაასრულა. „თუმცა ეს შეთანხმება გარკვეული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მოხდა და ეს ინფორმაცია, არაოფიციალური ვერსიით, აქამდე უცნობი ვიდეომასალაა, რომელზეც ერთ-ერთი ტელეკომპანიის გასართობი შოუს წამყვანებისა და თანამშრომლების პირადი ცხოვრების დეტალებია აღბეჭდილი. ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ეწია აქამდე უცნობ ვიდეოკადრებს, განადგურდა თუ არა ისინი, სხვა მასალებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე“, – წერს გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენლის თამარ ქანდანის განმარტებით, კადრები, რომელიც პროკურატურამ ამოიღო და ის ელგებეტე პირებს ეხებოდა, ქალბატონმა თამარ ქანდანმაც ნახა, ოღონდ ფირზე აღბეჭდილი ადამიანები არაიდენტიფიცირებულები იყვნენ. „ამ მასალის ნაწილი განადგურებულია. ეს მოხდა იმ კომისიის მიერ, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და სწორედ ამ კომისიამ გაანადგურა დისკები, რომელზეც უკანონო მიყურადების შედეგად გაკეთებული ჩანაწერები იყო. მაშინ ამ კომისიაში ქალბატონი თამარიც გახლდათ. ამ კონკრეტულ ჩანაწერებზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ, რადგან საპროცესო გარიგებასა და სხვა საგამოძიებო პროცედურებზე ჩვენ არ ვართ კომპეტენტური, რომ გიპასუხოთ“, – აცხადებს ქანდანი. „პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია სკანდალური საპროცესო გარიგების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდენტობაშიც“ გადამოწმა, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია აღნიშნულის შესახებ და კომენტარს ამ საქმეზე მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, როცა საკითხს მათი იურისტები შეისწავლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები