თამარ კორძაია: ხოკრიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ სამსახურისთვის, რაც მან გასწია
„ხოკრიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ სამსახურისთვის, რაც მან გასწია და მის მიერ დასახელებული ვერსია უნდა ვირწმუნოთ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა. როგორც ჟურნალისტებს კორძაიამ განუმარტა, მას არავითარი საფუძველი არ აქვს, რომ ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად დასახელებულ ვერსიაში ეჭვი შეიტანოს.
„ხოკრიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ სამსახურისთვის, რაც მან გასწია და მის მიერ დასახელებული ვერსია უნდა ვირწმუნოთ. სამწუხაროდ, რა ხდებოდა პოლიტსაბჭოზე, არ ვიცი, ვინაიდან მე პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ. რაც შეეხება კალაძე-ღარიბაშვილის შესაძლო დაპირისპირებას, ვერ გეტყვით, ჟურნალისტები რა ტიპის დაპირისპირებაზე საუბრობთ“, -აღნიშნა კორძაიამ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. „ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად“, – განაცხადა ხოკრიშვილმა.