დავით ბაქრაძე საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
27 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბელგიაში, ქ. ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაში“.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელებაა.
სამინისტროს ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ იმ კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა, რაც საქართველომ 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებით აჩვენა და ყურადღება გაამახვილა 2015 წლის გეგმის მთავარი პრიორიტეტებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბიზნეს სექტორთან და სამოქალაო საზოგადოებასთან კონსულტაციებსა და თანამშრომლობას. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული როგორც ფინანსური, ასევე, ინტელექტუალური დახმარების შესახებ ისაუბრა. ასევე, დასავლელ პარტნიორებისა და ბიზნესმენების მხრიდან გარდამავალ პერიოდში მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.